ლეგენდები

მთისუბნის ლეგენდები



ამბავი პირველი - საიდუმლო მიწისქვეშა გვირაბი

სოფელ მთისუბანში, დიდღელის სერზე მიწისქვეშა გვირაბი ყოფილა - ერთგვარი მიწისქვეშა გზა, სადაც ორ ან სამ ადამიანს ერთდროულად წელგამართულს შეეძლო გავლა. მიწისქვეშა გზა იწყებოდა დიდღელის სერიდან, უფრო კონკრეტულად კი ამ ადგილს ყუიახო რქმევია (ახლაც ასე უნდა ეძახიან). დაახლოებით ხუთი კილომეტრის სიგრძის მიწისქვეშა გზა, თურმე, ხიხანის ციხეს უკავშირდებოდა. ლეგენდის თანახმად, ამ საიდუმლო გვირაბით მტრის შემოსევების დროს ხიხანის ციხეში თავშეფარებული ადამიანები გარესამყაროს უკავშირდებოდნენ, ხანგრძლივი ალყის შემთხვევაში ციხე ამ გზის წყალობით უწყლობას არ განიცდიდა - თავად გვირაბი პირდაპირ მდინარეს უკავშირდებოდა. გვირაბის შესწავლა თითქოს კომუნისტ მეცნიერებს უცდიათ, მაგრამ იქაურობა დიდწილად ამოვსებული დახვედრიათ, ამიტომაც ძიების გაგრძელებაზე ხელი ჩაუქნევიათ.

ხიხანის ციხე

ამბავი მეორე - ხიხანის ციხე

ვინც არ იცის, იმათთვის ვიტყვი, რომ ხიხანის ციხე პირდაპირ კლდეზე, არსიანის ქედის ძირში მდებარეობს. ლეგენდის მიხედვით, ხიხანის ციხე თავდაპირველად თითქოს ორ კლდეს შორის იყო აგებული და ერთი მიმართულებით ახალციხეში, ადმინისტრაციულ ცენტრს უკავშირდებოდა. ეს გზა თითქოს ასევე საქარავნე გზის ნაწილი ყოფილა, რომელიც ბიზანტიაში გადადიოდა... საუკუნეების განმავლობაში კლდეები ნგრევის შედეგად ერთმანეთში არეულა და ასე ჩამოყალიბებულა არსიანის ქედი. აშენების დროისთვის ციხეს ხიხათა რქმევია. არსიანის ქედს ჩემს სოფელში დღესაც ყველა ხიხათს (რაც თითქოს ძველქართული ტერმინია) ეძახის და არა არსიანის ქედს.

ციხე მე-13 საუკუნის დასაწყისში ივანე მე-4 ტბელს აუშენებია. ის ერისთავი ყოფილა. ივანე მეოთხეს თურმე ზედმეტსახელიც ჰქონია - აბუსერი, რაც არაბულ ენაზემამაც მამასნიშნავდაო. სწორედ ამ აბუსერის შვილი ყოფილა ცნობილი ვარსკვლავთმრიცხველი ტბელი. მისი სახელი არავინ იცის, ამიტომაც არის, რომ მას ყველა აბუსერის ძეს ეძახის.
 სწორედ ხიხანის ციხეში გაუმართია იმ დროისთვის თანამედროვე ობსერვატორია ტბელს. ლეგენდის თანახმად, ტბელის კვლევები გამოუყენებიათ გრიგორიანული კალენდრის შედგენის დროს.
ტბელ აბუსერისძე ძალიან ცნობილი კაცი ყოფილა მაშინდელ საქართველოში. მერე თითქოს იერუსალიმში წასულა სამუშაოდ და იმავე ტაძარში მოღვაწეობდა, სადაც რუსთაველი. ტბელიც იქ უნდა იყოს გარდაცვლილი.

ხიხათის ციხე მთისუბინის, იგივე ვანის ქვით არის აშენებულიო. დღეს ამ ადგილს იასაღს ეძახიან... პირველად მამა-შვილს, ციხის მშენებელ კალატოზებს ხარკამეჩით დაუწყიათ ქვის ზიდვა, მაგრამ კლდესთან აბა რას გააწყობდა ხარკამეჩი და საქმეში სამეფო ჯარი შესულა - იმდენი ჯარისკაცი ჩაუყენებიათ ხუთი კილომეტრის სიგრძეზე, რომ სამშენებლო ქვა ხელიდან ხელში გადაიცემოდა თურმე ციხემდე ასატანად.


აჭარის მთებში ყველაფერი იმდენად არის თამარ მეფესთან დაკავშირებული, რომ ახლაც კი, ნებისმიერ ბავშვს რომ ჰკითხო, თუ ვისი აშენებულია ხიხანის ციხე, აუცილებლად გიპასუხებს, _ რომ თამარ მეფის.


ხიხანის ციხე

ამბავი მესამე - სამეფო საგანძური

ლეგენდის თანახმად, ხიხანის ციხეში თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ, უფრო ზუსტად კი მონღოლების შემოსევის დროს, სახელმწიფოს საგანძური სატახტო ქალაქიდან სწორედ აქ გადაუმალიათ. განძის დაცვაზე პასუხისმგებლობა მაშინდელ ერისთავს - ივანე მე-4 აბუსერს აუღია.

მერე ქვეყნის საქმე ისე წასულა, რომ სამეფო განძის უკან დაბრუნება შეუძლებელი გამხდარა. თუმცა, მოგვიანებით, როცა ხიხანის ციხის საიმედოობაც ეჭვქვეშ დამდგარა (ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს გაუგიათ განძის ადგილსამყოფელი და ხიხანის ციხისთვის ალყა შემოურტყამთ), განძისმცველებს ისღა დარჩენიათ, რომ სამეფო საგანძური ზემოთ აღნიშნული მიწისქვეშა გვირაბით გამოეტანათ მთისუბნის, იგივე ვანის ტყეებში დასამალად.

ლეგენდის თანახმად სამეფო განძი მთისუბნის  ტყეებშია დამარხული. განძის შესახებ ინფორმაცია არსებობდა ქვებზე.

ამბავი მეოთხე - თამარის საფლავი

თამარ მეფესა და ხიხანის ციხესთან დაკავშირებით მორიგი ლეგენდა თამარ მეფის გარდაცვალებასა და ხიხანში მის დაკრძალვას უკავშირდება. ამბავი იმაზე, რომ თამარის გარდაცვალების შემდეგ შვიდი კუბო გამოასვენეს სასახლიდან და ქვეყნის შვიდი მიმართულებით წაიღეს, ისედაც ყველას აქვს მოსმენილი. ჩემს სოფელში შენახული ლეგენდის მიხედვით კი, ამ ამბის გაგრძელება ხიხანს უკავშირდება: კუბო, რომელშიც თამარი ესვენა, სატახტო ქალაქიდან ყველაზე შორს _ ხიხანის ციხეში ჩაიტანესო დასაკრძალად. ლეგენდა იმით მთავრდება, რომ მცველებმა, რომლებმაც თამარი მიწას მიაბარეს, თავები დაიხოცეს. ამ პროცესს თითქოს პირადად მეთვალყურეობდა მცველების უფროსი, რომელმაც, როგორც კი დარწმუნდა, რომ კუბოს ყველა მხლებელი მხედარი მკვდარი იყო, თავადაც მოიკლა თავი.

დიახ, აი, ამიტომაც არის თამარის საფლავი ყველასთვის უცნობიო.
სხვა ლეგენდის მიხედვით თამარ დედოფალი ხიხანში იმიტომ გადაასვენეს, რომ ეშინოდათ მტერს მისი საფლავი არ წაებილწა. კიდევ უფრო პრაგმატული ლეგენდის მიხედვით კი - თამარს იმდენად ბევრი ძვირფასი ქვა ჩააყოლეს, რომ მისი საფლავის გაძარცვის ეშინოდათ, ამიტომაც გადამალეს.

დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ ამ ადგილზე, მაგრამ, როგორც მითხრეს, წლების წინ კიდევ ერთ მეწყერი ჩამოწვა და ჰომოსაპიენსს მიმსგავსებული ქვაც თან ჩაიტანა.
ამ ქვასთან ერთად ლეგენდა თამარის საფლავზე ჩემს სოფელში კიდევ ერთხელ დაიმარხა.

მთისუბანი
სოფელი მთისუბანი აჭარის მთაში ყველაზე მაღლა მდებარეობს. იმის ზევით, როგორც იტყვიან, მამალი აღარ ყივის. ეს სოფელი, აჭარის დანარჩენი სოფლების მსგავსად, 300 წლის განმავლობაში ოსმალეთის იმპერიის უკიდურესად განაპირა ნაწილი იყო. შეიძლება გარესამყაროსგან იზოლირებული, „გეოგრაფიიდან ამოგდებულისაზოგადოება საკუთარი იდენტობის შენარჩუნებას ამ ლეგენდებში ხედავდა, ამისათვის კი ყველაზე კარგიმასალათამარ მეფე იყო. იქნებ სწორედ ამიტომ უკავშირდება ზემო აჭარაში ყველაფერი მის სახელს?! ვინ იცის.


მთისუბანი, ხედი ხიხანის ციხიდან


Комментариев нет:

Отправить комментарий